საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე, დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად სამ დაზარალებულ მოქალაქეს ანაკლიაში, ცაცხვსა და გურიფულში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდება.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქეები ლ.ა., თეა კუკავა და კობა თუთბერიძე კანონიერად ფლობდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს ზუგდიდისა და ხობის რაიონში, რაც მოგვიანებით ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. 2009 წელს იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა, რის საფუძველზეც 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის კანონიერ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ ამ მოქალაქეებს არ მიუღიათ რაიმე სახის კომპენსაცია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება. ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქალაქე ლ.ა.-ს დაუბრუნდება ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში მდებარე 1500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, მოქალაქე თეა კუკავას ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში მდებარე 4852 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მოქალაქე კობა თუთბერიძეს ხობის რაიონის სოფელ გურიფულში მდებარე 1840 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.
ხსენებულ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
აგრეთვე, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი მსჯავრდებულის, დავით ბუხრაძის და კახა შამათავას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
„აღნიშნულ საქმეებზე, ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დადგენილი და დაკითხული იქნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. 2007 წლის 29 ნოემბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ბუხრაძე. გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, დავით ბუხრაძეს, შარვლის უკანა მარცხენა მხრიდან, საქამრიდან, ამოუღეს ერთი ცალი, 1929 წლის ნიმუშის პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და ხუთი ცალი ვაზნით. 2008 წლის 17 ოქტომბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოს განაჩენით დავით ბუხრაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ დავით ბუხრაძის საქმეზე ადგილი ჰქონდა მტკიცებულების ფალსიფიკაციას, მას ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. ახალი გამოძიებით დაიკითხა დაკავების უშუალო შემსწრე პირი, რომლის ჩვენებისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობდა დავით ბუხრაძის დაკავების არალეგიტიმური ინტერესი. ცალკეული საჯარო პირების მოთხოვნით, დავით ბუხრაძის გათავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს გორის რაიონის სოფლებში, სამეზობლოში და სანაცნობო წრეებში სადაც კი მიუწვდებოდათ ხმა უნდა განეხორციელებინათ აგიტაცია მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ ხმების მოსაგროვებლად, რაც მათ შეასრულეს და დავით ბუხრაძის პატიმრობიდან გათავისუფლება მოხდა მხოლოდ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების შემდეგ.
2008 წლის 5 სექტემბერს ზუგდიდში, საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოპერატიულმა მუშაკებმა ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა ზუგდიდის შს რაიონული სამმართველოს ზედა ეწერის პოლიციის ქვეგანყოფილების ყოფილი უფროსი კახა შამათავა, რა დროსაც მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. 2008 წლის 23 დეკემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით კახა შამათავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის „ა“ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. სასჯელის მოხდისგან იგი გათავისუფლდა 2014 წლის 14 აპრილს შეწყალების აქტის საფუძველზე.
საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ პოლიციის ყოფილი მუშაკის კახა შამათავას მიმართ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების მხრიდან არსებობდა მისი დაკავების არალეგიტიმური ინტერესი, რის გამოც 2008 წლის 05 სექტემბერს მის მიმართ დაიგეგმა ოპერატიული ღონისძიება. დასახელებულ დღეს კახა შამათავა დაკავებული იქნა ზუგდიდში, რა დროსაც მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და დაკავებისას მას შარვლის უკანა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით კახა შამათავას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები რომელიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვქვეშ დადგა კახა შამათავას მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების შეძენა – შენახვის ფაქტი. საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ორივე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ. შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 85 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 70 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.
დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 373 პირი, რომელთაგან 288 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 54 200 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.