პროკურატურამ ორი პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს ქალაქ ლანჩხუთში ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.
„კ.ფ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა ბრალდება, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.