პროკურატურამ ორი პირის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
პროკურატურამ ორი პირის განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი პირის გიორგი ზავრაშვილისა და ზაზა კობახიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

„შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები არიან.

ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე პირი სასჯელს იხდიდა წინა ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულების გამო“,- განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს.

 

ავტორი: გვანცა გავაშელი