პროკურატურამ ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ანგარებითა და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით, შეკვეთით მკვლელობის მიზნით, შესაბამისი პირი მოიძია, რომელსაც 150 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საკუთარი ბებიის მკვლელობა დაუკვეთა.

„ბრალდებულმა პოტენციურ მკვლელს მიაწოდა მსხვერპლის ვინაობა, ასაკი და ბებიის საცხოვრებელ მისამართზე მიიყვანა, რის შემდეგაც მას შეპირებული თანხის ნაწილი და მსხვერპლის ფოტოსურათი გადასცა. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის ,,კ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტებით წარედგინა (ოჯახის წევრის მიმართ ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება), რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – აცხადებენ პროკურატურაში.