პროკურატურამ მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.
„გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება – გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობას, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.