პროკურატურამ კასპში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ქ. ჩ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 მარტს, ზ.კ.-მ კასპში ქ.ჩ.-ს მეუღლე ნ.ღ. მათი საცხოვრებელი სახლიდან ავტომანქანით ,,ქეჩერუხის“ დასახლებასთან არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა, სადაც ყელის არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.ღ. გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ზ.კ. ქ.ჩ.-სთან სახლში დაბრუნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ჩ.-მ შეიტყო ზ.კ. -ს მიერ მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ, თუმცა სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ამასთან, ქ.ჩ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ავტომანქანის სალონში სისხლის კვალი წაშალა. სამართალდამცველებმა ქ.ჩ. 28 აპრილს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.