პროკურატურამ კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს ბრალის დადგენილება გააცნო
„რუსთავი 2“-ის ფინანსებთან დაკავშირებით პროკურატურამ არხის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას ადვოკატს და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალის დადგენილება გააცნო.
ზურაბ იაშვილის განცხადებით, ბრალს არ ეთანხმება და დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
„ბრალს არ ვეთანხმებით, ჩავიბარეთ მასალები და გავეცნობით. „ინტერმედია პლუსის“ ყველა ფინანსური ოპერაცია ყველა ტრანზაქცია არის კანონის შესაბამისობაში. არ ვიცი, რას ვუკავშირებ საქმეს“, – განაცხადა ზურაბ იაშვილმა.
კახა დამენიას ნაცვლად, ბრალის დადგენილება გამოძიებამ მის ადვოკატს გააცნო. ბექა ბასილაიას თქმით, დამენია ჯანმრთელობის პრობლემების გამო საქართველოში არ იმყოფება.
„ბრალდება არის სრულიად დაუსაბუთებელი, დამენია სამედიცინო მიზნებით იმყოფება თურქეთში და ამაზე გამოძიება ინფორმირებულია, არც დამენიას და არც იაშვილს გამოძიების გამოცხადებისთვის არც ერთხელ თავი არ აურიდებიათ. პასუხი არის, რომ „ინტერმედია პლუსის“ ყველა ოპერაცია არის გამართული და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ბოლო თეთრამდე ანგარიშსწორებული. დამენიას ნაწილში ედავებიან გაფლანგვას და ბრალში წერია, რომ გაიფლანგა მიუღებელი თანხებიო და სამართლებრივად ეს არის ნონსენსი. რაც შეეხება იაშვილის ბრალდებას, წარდგენილი ბრალდება კომერციულ მოსყიდვას შეეხება და ვინ მოისყიდა ერთი ჩვენებაც კი არ არის და როგორ შეიძლება განეხორციელებინა ვინმეს მოსყიდვა, როდესაც იგივე კომპანიები ახდენდნენ სარეკლამო დროის გაყიდვას წინა წლებშიც და შემდგომ პერიოდშიც. იგივე კომპანია ახდენდა „ტელეიმედის“ რეკლამების გაყიდვას შემდგომ პერიოდში, ასევე აბსურდია ყალბი დოკუმენტის დავა, რადგან თანხა ბანკშია შესული და შეუძლებელია ეს დოკუმენტი გაყალბებულიყო“, – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. რაც შეეხება „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.