პროკურატურამ გასროლის ფაქტზე, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, პოლიციელი დააკავა
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულის სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ დააკავეს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი იარაღი.
„ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი. საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ს.გ. ბრალდებულის სახით დაკავებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ფაქტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გუშინ საღამოს მოხდა. შუახნის ქალი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც ფანჯრის შუშა ჩაიმსხვრა და ქალს ტყვია მოხვდა.