პროკურატურამ გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა
პროკურატურამ გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში 2020 წლის 21 დეკემბერს მომხდარ ც.ა.-ს გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, ვ.ზ.-ს, რომელსაც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობასა და განსაცდელში მიტოვების მუხლით ედებოდა ბრალი, ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 128-ე მუხლი  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, ც.ა.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-სა და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი – ც.ა. ჩაერთო.  ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. ვ.ზ. საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ც.ა.-ს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით დააჯახა ავტომობილი. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა. ვ.ზ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურტურაში განმარტავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.