საქართველოს პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აგვისტოს ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული თოკით გაკოჭა, რის შემდეგაც ბლაგვი და ბასრი საგნების გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.