პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ უწყების გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორის ძვირად ღირებულ წიგნებს.
„ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ პირადობის დამადასტურებელ ყალბ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს, გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებული წიგნების ყალბ ნიმუშებს.
დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რომლებსაც ფარულად დაეუფლებოდნენ და ორიგინალ წიგნებს მათი მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.
აღნიშნული გზით ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში ევროპის სხვადასხვა ქალაქის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი ახორციელებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა ოთხი წევრის მიმართ. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში შვეიცარიის, საფრანგეთისა და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.
ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.