პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე შესაძლო ახალგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე შესაძლო ახალგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, 2001 წლის 26 ივლისს მომხდარი, ჟურნალისტ  გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნა პირველადი ინფორმაცია, მოხდა გასაუბრება მსჯავრდებულ კოტე ციხისთავთან, ასევე, მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებთან.

„იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საქმეზე ადგილი ჰქონდეს ახლადგამოვლენილ გარემოებებს, გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურად და სრულყოფილად გადამოწმების მიზნით პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, ხოლო მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტზე, 2001 წლის 5 დეკემბერს  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ ხურცილავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 9 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი, განზრახ მკვლელობის ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ.