პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ცალკეული თანამდებობის პირებთან და მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში შეეძლო დახმარება.
აღნიშნულის სანაცვლოდ, ბრალდებულმა სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 000 დოლარი გადასცა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.