პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით კომპანია შპს „თ-ნ გოლდთან“, რომლის საქმიანობა ავტომანქანაზე რეგისტრირებული გირავნობით სესხის გაცემას მოიცავდა, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო უზრუნველყოფის საშუალებად ორი ავტომანქანა წარადგინეს. თანხის მიღების შემდეგ კი ბრალდებულებმა კომპანიის ნებართვისა და ინფორმირების გარეშე, დაგირავებული ავტომანქანები ფორმალურად გადააფორმეს სხვის სახელზე და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიყვანეს, რითაც .კომპანიას დიდი ოდენობით, 146 400 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული 24 სექტემბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო, ვინაიდან საქართველოში არ იმყოფება. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,- აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.