პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მ.გ.-მ არარეზიდენტი ფიზიკური პირის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, საქართველოში საწარმო დააფუძნა და კომპანიის სახელზე საბანკო ანგარიშები გახსნა.
„ბრალდებულმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, სოციალურ ქსელში, წინასწარ შექმნილ პლატფორმაზე მართლსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, თითქოსდა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დიდი მოგების მიღების პირობით, რეკლამა განათავსა და ნდობის მოპოვების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს 10 000 გირვანქა სტერლინგი (34 064 ლარი) საკუთარი კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დააკონვერტირა საწარმოს საბანკო ანგარიშზე და მიღებული 12 437 აშშ დოლარი (33 240.37 ლარი), საბანკო დაწესებულებიდან ფიქტიური დანიშნულებით გაიტანა და სწრაფი ფულადი გზავნილებით სხვა ქვეყანაში მასთან დაკავშირებული პირის სასარგებლოდ გადარიცხა.
7 აპრილს, მიმალვაში მყოფ მ.გ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ბრალდებულად იქნა ცნობილი ბრალდებულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.