პროკურატურამ ბრალდება წაუყენა პირს, რომელმაც დაზარალებულს სახლის კართან, ალკოჰოლურ სასმელსა და ტკბილეულთან ერთად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა
საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში, გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის, სექსუალური ხასიათის კავშირის იძულებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.
დაზარალებულისგან არაერთი უარის მიღების შემდეგ, 13 დეკემბერს, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით და მოკვლის განზრახვით, დაზარალებულს სადარბაზოში, სახლის კართან, ალკოჰოლურ სასმელსა და ტკბილეულთან ერთად, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული საბრძოლო მდგომარეობამდე მიყვანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაუტოვა. ასაფეთქებელი მოწყობილობა დაზარალებულის მიერ პოლიეთილენის პარკის გახსნის დროს მოვიდა მოქმედებაში, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი საცხოვრებელი ბინა“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.