პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც, გამოძიების ცნობით, ავტომანქანების ჩამოყვანის პირობით, მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს თაღლითურად დაეუფლა
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 30 იანვარს შპს „კავკასიის სატრანსპორტო კომპანია 2019“ დააფუძნა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, კომპანიის სახელით, ინტერნეტსივრცეში ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა მოქალაქეებთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, შერჩეული ავტომანქანების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღო. ამ გზით ბრალდებული 653 181 ლარის ოდენობით თანხას დაეუფლა, რის შემდეგაც მიიმალა“, – აცხადებენ პრპკურატურაში.
აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
„ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.