პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე მ.შ. -ს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ბრალდებულ მ.შ.-ს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან.
პროკურატურაში განმარტავენ, რომ სწორედ ამიტომ, გამოძიება მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა, ე.წ. „სქრინშოტები“, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის თითქოსდა სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის კომპიუტერული ექსპერტიზების დასკვნებით და ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოს მიერ შესრულებული შესაბამისი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ბრალდებულ მ.შ.-ს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტზე.
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, კერძოდ, მ.შ.-ს სარგებლობაში არსებული სოციალური ქსელის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მ.შ.-მ 2021 წლის 2 იანვარს, მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ „ფეისბუქ“ პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტსივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო. აღნიშნულის შემდგომ მიმოწერა განახორციელა საკუთარ ფეისბუქ პროფილთან, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურ ქსელში „მარი შარაშიძის“ სახელით, რის შედეგადაც დაამზადა facebook-ის messenger-ით განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი ყალბი ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო ვითომდა ბრალდებულსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის სოციალურ ქსელში განხორციელებული მიმოწერა.
მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მოსამართლის მიერ მ.შ. გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მას ჰქონდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერით ურთიერთობა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან. ასევე, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას მ.შ.-მ დაადასტურა გამოძიებისთვის მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი ფოტოსურათების ნამდვილობა, მაშინ, როცა ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს არც პირადად და არც რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა არ ჰქონია გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილთან და წარმოდგენილი ცრუ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები დამზადებულია უშუალოდ ამ უკანასკნელის მიერ. მ.შ.-ს წარედგინა ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 369-ე პრიმა მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.