პროკურატურამ აშშ-ის მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია სამი პირის მიმართ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ.კ-სთან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებული დ.კ დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა მოგებული ქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ.კ-ს თან გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით. ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამავდროულად დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხები აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან.
დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად, გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ, ფ.ჩ და ო.მ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. 2020 წლის 13 აგვისტოს ო.ფ-ს, ფ.ჩ-ს და ო.მ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა““და მესამე ნაწილის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა), ასევე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2020 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა შესაძლო წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყება აქტიურად მუშაობს მსგავსი სახის დანაშაულებების გამოვლენის მიზნით, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.