პროკურატურამ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა 
პროკურატურამ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა 

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

„შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების ფეისბუქის და Instagram-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. ასევე რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს,მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას.

2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში. ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან ფეისბუქის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. 2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.