პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობას ითხოვს

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თ.ღ.-ს და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროს მ.ღ.-ს ბრალდება წარუდგინა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით გადაზიდეს 34 071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „მანჩესტერი“ (Manchester). სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი თ.ღ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდეგ თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.