პროკურატურა - ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად
ვიდრე ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, – ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში, ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
„პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.
ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
„გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით.
ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ასევე, უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება.