პროკურატურა - ვეჯინში ოჯახური კონფლიქტის საქმიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ცალკე გამოიყო და გამოძიება დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ოჯახური კონფლიქტის საქმიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ცალკე გამოიყო და გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.
„2018 წლის 12 ნოემბერს, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გ. ც. – ს მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გ. ც. – ს შეტყობინება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 12 ნოემბერს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებმა.
გამოკითხვისას გ. ც. – მ განაცხადა, რომ რძლის, ნ. ყ. – ს მითითებით, შვილმა თავში სამჯერ დაარტყა ხელი. მანვე განმარტა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ის და მისი ოჯახის წევრები არიან სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერები. 2018 წლის 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე, მას ნ. ყ. – მ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისათვის ხმის მიცემის სანაცვლოდ შესთავაზა 50 ლარი, რომელიც მისივე განმარტებით, გადასცა პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ე. ბ. – მ.
2018 წლის 12 ნოემბერს, გ. ც. – ს ჩვენების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ იქნა საქმე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე, სსსკ-ის 1641 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე იკითხებიან მოწმეები, მათ შორის არის მოწმე ე. ბ., რომელზეც გ. ც. მიუთითებს, რომ მის რძალს გადასცა გარკვეული თანხა გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზნით. საქმეს იძიებს კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი“, – აცხადებენ პროკურატურაში.