პროკურატურა - „თიბისი ბანკის“ საქმე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე გამოძიება 194-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
როგორც პროკურატურაში განმარტეს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე დაკითხული არიან „თიბისი ბაკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.
„მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე დაკითხულია, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. დაიკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, ნაწილი გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაიკითხება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება 194-ე მუხლით, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის”, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არდაწყების საკითხი.
პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკში“ დარღვევების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია 2018 წლის ივლისში მიაწოდეს და მაშინვე დაიწყო გამოძიება.
„გამოძიების დაწყების საფუძველი იყო ფინანსური მონიტორინგის მიერ მოწოდებული ინფორმაცია”, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, ხელმძღვანელი პირები თუ არიან ბანკის საქმიანობას განრიდებული, პროკურორი აცხადებს, რომ ამის საჭიროება არ დამდგარა.
„თიბისი ბანკის“ საქმეზე დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. როგორც პროკურატურაში განმარტეს, „თიბისი ბანკის“ აქტივობებში იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.