პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დავით ფურცხვანიძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს ხვალ მიმართავს
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დავით ფურცხვანიძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით ხვალ მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დავით ფურცხვანიძემ მასალების მიმწოდებლის დასახელებასა და საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
„გენერალურ პროკურატურაში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოაშკარავდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი სატელიტური ანტენის სურათები იყო ყალბი. შესაბამისად, დაბარებული იყო მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში, სადაც მან დავით ფურცხვანიძე დაასახელა იმ პიროვნებად, ვინც მას მიაწოდა აღნიშნული ფოტომასალა. ამას მოჰყვა რეაგირება, დაბარებული იყო დავით ფურცხვანიძე გამოკითხვაზე, ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. თუმცა დავით ფურცხვანიძემ ამ ეტაპზე არ დაასახელა წყარო და ამავდროულად, უარი განაცხადა გამოკითხვაზე, რისთვისაც ხვალ პროკურატურა მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რომ მოსამართლის წინაშე მოხდეს აღნიშნული პირის დაკითხვა.
ასევე, იგეგმება თავად დავით ფურცხვანიძის ოფისთან მიმართებით რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ოპერატიულად განხორციელდება. მოცემულ შემთხვევაში, დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, დადასტურდა, რომ ეს ფოტოსურათები არ შეესაბამება სინამდვილეს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ჩატარებული გაცემული დასკვნის საფუძველზე, რაზეც საკმაოდ ვრცელი კომენტარი გაკეთდა გენერალურ პროკურატურაში პრესკონფერენციაზე.
ამდენად, ყველა იმ ინფორმაციაზე, რაც წარმოიშვება გამოძიების მსვლელობის დროს, პროკურატურა ატარებს გამოძიებას“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად მოითხოვა. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.