დავით ფურცხვანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს შეხვდება და საქმესთან დაკავშირებით დეტალები ამის შემდეგ ეცოდინება
დავით ფურცხვანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს შეხვდება და საქმესთან დაკავშირებით დეტალები ამის შემდეგ ეცოდინება

მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დაკავებული დავით ფურცხვანიძის ადვოკატის, გიგა სვანიძის განცხადებით, ჯერჯერობით ის არც დაკავებულს შეხვედრია და არც საქმის მასალებს იცნობს.

მისივე თქმით, დავით ფურცხვანიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე არის დაკავებული და მასთან დაკავშირებით საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

„დავით ფურცხვანიძე დაკავებული არის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულის მუხლებით. ამ ეტაპზე მუხლების კონკრეტიზაციას არ გავაკეთებ. თავად დაკავებულს ჯერჯერობით არ შევხვედრილვარ. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ასე რომ, ამ ეტაპზე, ბუნებრივია, საქმის მასალებსაც არ გავცნობილვარ, ვინაიდან ჯერ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული არ არის. დაკავებული არის მოსამართლის განჩინების საფუძველზე. როდესაც წაუყენებენ ბრალს, მის შემდეგ მოხდება საქმის მასალების გაცნობა და ბუნებრივია, მეტი დეტალი მეცოდინება საქმის მასალების გაცნობის შემდეგ. ასევე, მეტი დეტალი მეცოდინება, როდესაც პირადად შევხვდები დავითს. დღეს შევხვდები და შეძლებისდაგვარად მექნება ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობა. საქმე არის გამოყოფილი ცალკე წარმოებად, ანუ არ არის ბმაში ბაჩალიაშვილის საქმესთან და დაკავებული არის მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ამ ეტაპზე, მეტის თქმის შესაძლებლობა არ მაქვს“, – განაცხადა გიგა სვანიძემ.

ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გახდა ცნობილი.