დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა
დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა

დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურის შენობაში მასთან მხოლოდ გასაუბრება მოხდა.

„ის, რომ მე არ დავასახელებ კონკრეტულ წყაროს, არ ნიშნავს თანამშრომლობის უარყოფას. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მიღებულია არაოფიციალური გზით. ამიტომ წყაროს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებ. დღეს გამოკითხვა არ შედგა, ჩემი მოთხოვნით გამოკითხვა შედგება მაგისტრატი მოსამართლის თანხლებით. ახლა არაფერი არ მომხდარა, გავისაუბრეთ უბრალოდ და რა დროც დასჭირდა ოქმის შედგენას, ის დრო დავყავი პროკურატურაში“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

მისივე თქმით, იძიებს ფინანსურ აფერას, რომლის ერთი ეპიზოდიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეა.

„მიხეილ რამიშვილთან ზოგადად ამ თემაზე გვქონდა კომუნიკაცია, რადგან ბაჩალიაშვილის საქმე არის ეპიზოდი იმ დიდ საქმეში, რომელსაც მე და ჩემი სტრუქტურა ვიძიებთ. ეს არის დაკავშირებული დიდ ფინანსურ აფერასთან.

წყაროები არის არა მარტო უცხოური, არამედ ქართული და ამ წყაროების გადამოწმება უახლოეს პერიოდში შედგება. მე ვგეგმავ, ამ თვალსაზრისით წავიდე ამერიკაში, რიცხვები უკვე შეთანხმებულია.

მარტივად შემიძლია გითხრათ, ეს კვლევა არის პროცესში და ალბათ ამერიკისა და კიდევ ერთი ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ თვის 30 რიცხვში ვაპირებ წავიდე საქმიანი ვიზიტით, ზუსტად 11 დღით. მე რა ინფორმაციაც მაქვს, არის დასაზუსტებელი.

ეს არის მკვლელობა ძალიან მაღალი ალბათობით, მაგრამ ვიდრე არ იქნება რამდენიმე საექსპერტო დასკვნით დადასტურებული, მანმადე სრული მტკიცება არ იქნება სამართლებრივად სწორი. ამ მკვლელობის მიზანი სავარაუდოდ იყო ის, რომ დამალულიყო ის დანაშაული, რომელიც უკავშირდება დიდ ტრანზაქციებს, დიდი თანხების გატარებას საქართველოს ფინანსური და არაფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით.

მე არ შემიძლია გითხრათ, თამარს კონკრეტულად რამდენი ინფორმაცია ჰქონდა, ამის თქმა რთულია“, – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილისთვის გადაცემულ ფოტოებზე მან აღნიშნა: „ეს ფოტოები არის უმნიშვნელო მტკიცებულება. როცა მიდის საუბარი, რომ გაყალბებულია, არავის ებადება კითხვა, ის მანქანა იქ იყო თუ არა. თუ ეს ყალბია, ხელისუფლებას ოფიციალურად შეუძლია, მოითხოვოს და დადოს ის ფოტო, რომელზეც მანქანა არსებობს და დაადასტუროს, რომ მანქანა ნამდვილად იყო იქ. როდესაც ექსპერტიზაზე არის საუბარი, მე შემიძლია, უნდობლობა გამოვუცხადო. მე რატომ უნდა დავამტკიცო? დაამტკიცოს იმან, ვისაც არ სჯერა, რომ ნამდვილია. არავითარი მოთხოვნა ჩემი პიროვნების არდასახელებაზე არ ყოფილა, მიხეილ რამიშვილმა დაასახელა მაშინ, როცა ეს თავად ჩათვალა საჭიროდ. მას იმ დიდი საქმის კვლევის ფარგლებში დავუკავშირდი“, – განაცხადა დავით ფუცხვანიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.