გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურაში გაკეთდა.
როგორც საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დათვალიერების შედეგად დადასტურდა, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.
„თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.
გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია „your timeline”-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.
10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი.
10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.
„Timeline“- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების – თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline“-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი“, – განაცხადეს პროკურატურაში.
მათივე ცნობით, ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.
პროკურატურის ინფორმაციითვე, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით.
„ასევე, გაგაცნობთ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT” მიერ.
დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია მთლიანად შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე – ტექნიკური თვალსაზრისით. ექსპერტიზას დაესვა კითხვა თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT”-ის მიერ დატოვებული ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა“, – განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში.
პროკურატურაში ასევე აღნიშნეს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და ოჯახის ადვოკატის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის ჰაკერულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მათივე ინფორმაციით, იმის დასადგენად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატულ კომპიუტერში და მისი ავტომანქანიდან ამოღებულ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონში ხომ არ იძებნებოდა ე.წ. „ჰაკერული“” ტიპის პროგრამები, გამოძიების მიერ დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.
„ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის არ ფიქსირდება ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა, ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება.
ამავე დასკვნის მიხედვით, პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებულია ვებ-პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ-პროგრამირება.
ასევე, განხორციელდა თითოეული პროექტის შესწავლა და დადგინდა, რომ მათი გარკვეული ნაწილი წარმოადგენს სხვადასხვა დომეინებთან დაკავშირებულ პროექტებს/მოდულებს. განისაზღვრა მათი კატეგორიაც, მათ შორის ერთი განეკუთვნება „Technology/Internet“, ხოლო სამი მათგანი მიეკუთვნება კატეგორიას: „Pornography“.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა 600-მდე პირი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა, ასევე ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი.
საქართველოს პროკურატურა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციას მომავალშიც მიაწვდის“, – განაცხადეს პროკურატურაში.