პროკურატურა - დუისში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა, რადგან გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
„ღონისძიებას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, ოპერაციის დაწყებამდე შესწავლილი იქნა როგორც დასაკავებელი პირები, ისე გარემო, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება; სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა.
ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.