პროკურატურა „საქართველოს ბანკში“ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
საქართველოს პროკურატურამ სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ნიკოლოზ წურწუმიას ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 აპრილს, ქ. თბილისში, ნ.წ. -მ ხმოვანი პისტოლეტით, სს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს სერვის ცენტრში, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნული სერვისცენტრის ოთხი თანამშრომელი, სერვისცენტრის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრატორი და საოპერაციო დარბაზში მყოფი სერვისის მომხმარებელი. ნ.წ.-მ იარაღის გამოყენების მუქარით, ბანკში მყოფ პირებს შესასვლელი კარი ჩააკეტინა და მათ თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდა. შემდეგ კი იარაღის გამოყენების მუქარით, იძულებით ერთ-ერთ თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ცხელ ხაზზე დაარეკინა და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული პირობები დააყენა.
სამართალდამცველებმა ნ.წ. 16 აპრილს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
„საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას შეისწავლის. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.