პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული  კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგად, ერთ-ერთი ფიგურანტი პირის მობილურ ტელეფონში შენახული აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.

მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის შესაძლო უკანონო მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 9 ივლისს ცალკე წარმოებად გამოიყო.

„დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს.

საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების, ასევე შენახვის კანონიერების საკითხი.

გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს“, – ნათქვამია განცხადებაში.