პროკურატურა - პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მხოლოდ მგზავრობისთვის ფონდმა 700 000 ლარამდე დახარჯა იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ანგელა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში
პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მხოლოდ მგზავრობისთვის ფონდმა 700 000 ლარამდე დახარჯა იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ანგელა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.
„პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს გამოკითხვასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე.
ამ დროისათვის, საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოძიების მიზანია, დაადგინოს რა სახსრები მიიღო ფონდმა 2004-2017 წლებში და აღნიშნული სახსრები გამოიყენა თუ არა ფონდის ინტერესების სასარგებლოდ“, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიება სწავლობს სამ ძირითად მიმართულებას.
„პირველი ეპიზოდი შეეხება პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის ანგელა ვასილენკოს მგზავრობის ხარჯების ფონდის კუთვნილი თანხებიდან ანაზღაურებას. უნდა აღინიშნოს, რომ პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის, ანგელა ვასილენკოს მხოლოდ მგზავრობის ხარჯებისთვის ფონდმა დახარჯა 700 000 ლარამდე, იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელია ანგელა ვასილენკოს როლი ფონდის საქმიანობაში.
მეორე ეპიზოდი ეხება საქართველოში პაატა ბურჭულაძის სასარგებლოდ გაწეულ სასტუმროს მომსახურების ხარჯებს. დაუსაბუთებელია, ფონდის სახსრებიდან რატომ უნდა დახარჯულიყო პაატა ბურჭულაძის სასტუმროს მომსახურების დასაფარად დაახლოებით 40 000 ლარი. გაუგებარია და გარკვეულ ეჭვებს აჩენს ფონდის რომელ მიზანს ემსახურებოდა პაატა ბურჭულაძის ცხოვრება თუ სხვა სახის მომსახურება სასტუმროში, მით უმეტეს, რომ პაატა ბურჭულაძეს საქართველოში გააჩნია საცხოვრებელი ფართები, ხოლო ფონდს – კეთილმოწყობილი ოფისი, სადაც შესაძლებელი იყო შეხვედრების გამართვა და მოლაპარაკებების წარმოება.
ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემის ეპიზოდზე. აღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოსგან ფონდს გადაეცა სიმბოლურ ფასად, რათა ამ უკანასკნელს ქონება გამოეყენებინა ფონდის მიზნებისათვის. ამ ნაწილში დგინდება, რომ ფონდმა ერთ-ერთ საწარმოს იჯარით გადასცა ხსენებული უძრავი ქონება, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა რესტორანი, იჯარიდან მიღებული შემოსავალი კი უნდა გამოეყენებინა ფონდის საქველმოქმედო მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო და მისი ქვემოიჯარე საკმაოდ რენტაბელურ საწარმოებს წარმოადგენდნენ, ისინი დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში ჯეროვნად არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებებს – ფონდს სრულად არ უხდიდნენ იჯარის თანხას, თუმცა მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება საწარმოსთან არ შეწყვეტილა, უფრო მეტიც, საწარმოს მიეცა საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. შედეგად, ფონდმა ვერ მიიღო ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა უდედმამო და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებსა და ფონდის სხვა მიზნებს“, – აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის, გამოძიების მიერ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოპოვებული დოკუმენტაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქველმოქმედო ფონდში 2004-2017 წლებში მოზიდული შემოწირულობების დაახლოებით მხოლოდ 30 პროცენტი ხმარდებოდა ქველმოქმედებას, ხოლო დანარჩენი თანხები ხმარდებოდა თანამშრომელთა ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებს.
„აღსანიშნავია, რომ ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის ცოლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებული ავიაბილეთების ღირებულება, ხელფასი და სხვა ხარჯი ჯამურად 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი – დაახლოებით 25 000 ლარი და სხვა ხარჯი – დაახლოებით 337 000 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, ამჟამად საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ მოსკოვის რეისზე რეგიტრაციის გავლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება.