პროკურატურა - მტკიცებულებათა შეკრებისას სრულად არის დაცული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები
პროკურატურა - მტკიცებულებათა შეკრებისას სრულად არის დაცული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ამირან გულუაშვილმა საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა იმის შესახებ, რატომ ითხოვს პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას.

მისი განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებათა შეკრებისას სრულად არის დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

პროკურორის თქმით, განსახილველ საქმეზე შეკრებილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება.

„ამასთანავე, სახეზე გვაქვს ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტი, რაც გულისხმობს საფუძვლიან ეჭვს ბრალდებულის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. ნიკანორ მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ითვალისწინებს სასჯელის უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხანგრძლივი ვადით“, – განაცხადა გულუაშვილმა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომის შემდეგ, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.