პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული ელგუჯა ცომაიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მთავარი საგამოძიებო უწყება არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ცომაიას ბრალი დაუმძიმდეს, რადგან გამოძიება კიდევ ერთი მუხლით – მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოყვანის მუხლით დაიწყო.

„ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას მიმართ ბრალდება წაყენებულია 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას. ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შუამდგომლობით, რადგან არსებობს ამისთვის საკმარისი საფუძველი. ამასთან, შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს 344-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და არ არის გამორიცხული, ბრალდება ელგუჯა ცომაიას დაუმძიმდეს.

დანაშაულის დაფარვა და ამ შემთხვევაში, დამნაშავის დაფარვა, ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას მხრიდან გამოიხატა აქტიურ ხელშეწყობაში, ძებნილი მსჯავრდებულისთვის სათანადო პირობების შექმნაში. მან დაუთმო სახლი ისე, რომ იცოდა – სააკაშვილი იყო ძებნილი. იცოდა, რომ არაერთი დანაშაულისთვის დადგენილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი. მიუხედავად ამისა, არ შეატყობინა სამართალდამცველებს და დაუთმო საცხოვრებელი სახლი“, – აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

მისი თქმით, მუხლი, რომელიც ცომაიას აქვს წარდგენილი, არ მოიცავს მხოლოდ დანაშაულის დაფარვას.

„ეს არის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეწყობის მუხლი, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა პირი ვალდებულია, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და თუ ძებნილ მსჯავრდებულზე შეიტყობს, სად არის ან რა ვითარებაშია, უნდა შეატყობინოს საგამოძიებო ორგანოებს. ნაცვლად იმისა, რომ შეეტყობინებინა მისი ადგილსამყოფელი, პირიქით – ხელი შეუწყო დამნაშავეს. სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი ასეთ დროს სიტყვა-სიტყვით არ უნდა განიმარტოს. მუხლი უნდა განიმარტოს იმით, თუ რა მიზანს ემსახურება. აბსოლუტურად არასწორია ადვოკატების ინტერპრეტაცია. ყველა სტუდენტმა და იურისტმა იცის, რომ სამართლებრივად დანაშაულის დაფარვაში მოიაზრება, მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულისთვის სათანადო პირობების შექმნა. მათ შორის, ბინის გადაცემა“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.