პროკურატურა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულებს – ა.ხ.-ს და ა.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.
ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ასევე, ა.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. პროკურატურამ ა.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ა.ხ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 9 ნოემბერს წარუდგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურატურის ცნობით, ასევე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ანალოგიური შეთავაზებით საოლქო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებსაც მიმართეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.