პროკურატურა გიორგი დგებუაძის (მასტერა) და ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომლის ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი [ვიდეო]
12:09, 17.10.2018
საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, – ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში გაკეთდა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია: საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ე.წ. „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი, კონკრეტული პირის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.
კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. ადასტურებს, რომ მკვლელობის მომზადების საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მათი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით, ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდ-მა უნდა განახორციელოს.
რაც შეეხება მეორე ჩანაწერს, რომელიც 2007 წლის 5 თებერვლით თარიღდება, მასში ასახულია ე.წ. „მოდულის“ შენობაში გამართული თათბირი, რა დროსაც კუდ-ის მაღალჩინოსანი გ.დ., მის დაქვემდებარებაში მყოფი ასევე კუდ-ის თანამშრომლები და ამჟამად ბრალდებულები ლ.ქ.; რ.შ. და გ.მ., პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების მიზნით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებენ. საუბრის მიხედვით, ისინი განიხილავენ პატარკაციშვილის ლიკვიდაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მათ შორის დაცვის თანამშრომელთა სიის მოპოვების და პერსონალის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობებს. ასევე მსჯელობენ მკვლელობის სხვადასხვა გზებზე, კერძოდ, მისი ისეთი ნივთიერებით მოწამვლაზე, რაც ბუნებრივი სიკვდილის ეფექტს გამოიწვევს. ამავე საუბრის თანახმად დგინდება, რომ ყველა საკითხი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაბამისი მეთოდები თანხმდება კუდ-ის იმდროინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიასთან.
საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მკვლელობის მოსამზადებლად მუდმივად კონტროლდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გადაადგილების მარშრუტი, მათ შორის აეროპორტის ის გასასვლელები, რომლითაც იგი სარგებლობდა.
ამასთან, გარდა იმისა, რომ რ.შ. სისტემატურად აგროვებდა დაცვის წევრების შესახებ მონაცემებს, ასევე, კუდ-ის თანამშრომლები, მათ მიერვე დაკავებულ პატარკაციშვილის დაცვის რამდენიმე წევრს, მკვლელობის მომზადებისთვის საჭირო პირობების შექმნის სანაცვლოდ, მათ მიმართ დაწყებული დევნის ნაწილში სხვადასხვა სახის შეღავათებს სთავაზობდნენ.
პროკურატურის მიერ მხილებული, ჩანაწერის მონაწილე კუდის სამი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება კუდ-ის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს გ.დ.-ს, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მისი ექსტრადირება ნიდერლანდების სამეფოში დაკავების შემდეგ განხორციელდა. შესაბამისად, მის მიმართ დევნის დაწყებისა და ექსტრადირების განმახორციელებელი ქვეყნის თანხმობის მისაღებად, პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პრაქტიკას გამოიყენებს.
ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.