პროკურატურა - გამოძიებას აქვს კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით
გამოძიებას აქვს კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა.
„პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსათვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება – დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი – დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ, საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.
პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ მოსკოვის რეისზე რეგიტრაციის გავლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება.