პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს
პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.
როგორც საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოძიებას აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდების პოზიციას გაიზიარებს.
„დანაშაული განხორციელებულია 2019 წლის 19 დეკემბერს, მოტივი კი, ურთიერთშელაპარაკებაა. ბრალდების მხარის მოთხოვნაა ხუთივე დაკავებული პირის მიმართ სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც აუცილებელია დღევანდელი კანონმდებლობისთვის, რათა ჩვენი მოთხოვნა იყოს სრულიად არგუმენტირებული და დასაბუთებული. ჩვენ გვაქვს მოლოდონი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და პოზიციას.
დღეის მდგომარეობით ცოტნე გამსახურდია არის ცოცხალი, ის გადის მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში, შესაბამისად, კვალიფიკაცია არის განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად და აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ.
ამასთან პროკურორმა აღნიშნა, რომ ურთიერთშელაპარაკება სუფრაზე წარმოქმნილ კონფლიქტს მოჰყვა.
„წარმოდგენილი მასალებით, ურთიერშელაპარაკება მოხდა სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტიდან გამომდინარე, ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა ღვინის ხარისხსაც“, – განაცხადა პროკურორმა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის, გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შუამდგომლობას არ დააყენებს.
„დაცვის მხარე გაეცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, რაც წარმოდგენილია სასამართლოში. ადვოკატებს არანაირი მტკიცებულებები მოპოვებული არ აქვს. ბრალდების მხარის ვერსიაა, რომ დაპირისპირება მოხდა სუფრაზე, სადაც ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ დაზარალებული ცოტნე გამსახურდია და ბრალდებულები. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ პირველები სუფრიდან ადგნენ ბრალდებულები და მათ გამოედევნა ცოტნე გამსახურდია. ეს დასტურდება ბრალდების მხარის მოწმეებით. აქედან გამომდინარე, თუ შეკითხვები არსებობს, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიმართ, რომ ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ამ ეტაპზე ყველა მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ეს იყო პირადი ურთიერთშელაპარაკების მოტივი და ამ შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მე არ დავაყენებ შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს დაყენების თაობაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით, კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე. მიზეზი იყო ურთიერთშელაპარაკება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ღვინოს“,- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.
ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.