პროკურატურა - 240 დაზარალებულ მოქალაქეს დაახლოებით 47 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაუბრუნდა
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით სასამართლომ 57 მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 65 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 57 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით 240 დაზარალებულ მოქალაქეს უკვე დაუბრუნდა დაახლოებით 47 მილიონი ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ავტომანქანები, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო და სასტუმრო კომპლექსები, მიწის ნაკვეთები და ა.შ.”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.