პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჩინური მინისერიალის გადაღება დაიწყო
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჩინური მინისერიალის გადაღება დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჩინური მინისერიალის გადაღება დაიწყო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ნიღაბი” („The Mask”) – ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ჩინურ კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია „არსენ პროდაქშენი“ მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, სერიალი დეტექტიური ჟანრის არის, სადაც მთავარ როლში ყოფილი პოლიციის ოფიცერი ჯი ფანია, რომელმაც პატარა ქალაქში მომხდარი რამდენიმე მკვლელობა უნდა გამოიძიოს. საინტერესოა, რომ მთავარ გმირს, ყველაფრის გამოსააშკარავებლად გამოძიება საქართველომდე მოიყვანს.

„მოპარული ყელსაბამი, რომელიც ყოფილ პოლიციელს თბილისში ჩამოიყვანს მხოლოდ პატარა ნაწილია იმ დიდი სურათისა, სადაც ჩინური, ვიეტნამური და ქართული კრიმინალური დაჯგუფებები არიან გარეული. სერიალის გადაღებები, რომელიც მიმდინარე წლის, 23 ივნისს დაიწყება, ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გადაღებების პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. სერიალის შინაარსის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის ლოკაციები თბილისსა და ბათუმში შეირჩა”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, 23 ივნისს, გადაღებები, პარალელურად რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყება, კერძოდ: სამედიცინო დაწესებულებაში „ლანცეტი“, მეტრო სადგური – ტექნიკური უნივერსიტეტი, სასტუმრო „ტერასა“, ავლაბარში, ჯავახიშვილის N13- ის მიმდებარე ქუჩა, მეტრო ელექტროდეპოს ხიდის ქვეშ. შეგახსენებთ, რომ ჩინური მხარე საქართველოში ფილმის გადაღებით პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაინტერესდა. აღნიშნული ფესტივალი მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო ე.წ cashrebate მექანიზმის შესახებ.