პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალიტეტისთვის ტენდერები გამოცხადდა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო ტენდერები, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, მოიცავს დასავლეთ საქართველოს 34-ვე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული რვა ტენდერიდან თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.
„ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ურბანული განახლების პროექტების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნას თითოეული რეგიონის მახასიათებლები, ისტორიულ-კულტურული თავისებურებები და ობიექტების ფუნქციური დანიშნულება.
სპეციალური კომისია, რომელიც განსაზღვრავს ურბანული განახლების კონკრეტულ პროექტებსა და ობიექტებს, მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 29 აპრილს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტენდერში მონაწილეობის მსურველ სამშენებლო და საპროექტო კომპანიებთან.
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს და დააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება“, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ოთხ წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.