პროფკავშირების წარმომადგენლებმა „IDS ბორჯომის“ დასაქმებულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მედიაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს
„IDS ბორჯომის“ დასაქმებულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მიზნით, აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირებმა მედიაციის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად მიმართეს.
როგორც აღინიშნა, მედიაციის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მაქსიმუმ 21 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც თუ შეთანხმება ვერ შედგა, დასაქმებულები გაიფიცებიან.
დასაქმებულები „ბორჯომის“ ქარხანასთან აქციას დილიდან მართავდნენ. ისინი მენეჯმენტის მხრიდან შეთავაზებულ ახალ კონტრაქტებს აპროტესტებენ. მათი თქმით, კონტრაქტის შეცვლილი პირობები ახალ რეალობაზეა მორგებული და არ არსებობს რაიმე გარანტია, რომ ძველ ანაზღაურებას დაუბრუნდებიან.
კერძოდ, დასაქმებულების განმარტებით, ახალ კონტრაქტში იძულებით განაცდური დღეები ნაცვლად 100%-ისა, 50%-ით ანაზღაურდება. ზეგანაკვეთური სამუშაო ნაცვლად 140%-ისა, ანაზღაურდება 125%-ით, რაც შეეხება პრემიალურ სისტემას, აღარ არსებობს.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ მზად არიან, მოაწერონ ხელი კონტრაქტებს მხოლოდ იმ დათქმით, რომ ქარხნის ამუშავებასთან ერთად, ძველი პირობები დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „IDS ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ.