პროფკავშირების ინფორმაციით, „ბორჯომის“ ხელმძღვანელობასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
„ბორჯომის“ ქარხნის ადმინისტრაციაში გაფიცულ თანამშრომლებს, პროფკავშირის წარმომადგენელსა და ბორჯომის მერს შორის შეხვედრა დასრულდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გაფიცული თანამშრომლები პროტესტს არ წყვეტენ და ღამით ქარხნის მიმდებარე ტერიტორიასთან აპირებენ დარჩენას. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
შეხვედრიდან გამოსულმა პროფკავშირის წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გამოთქვამს მზაობას მოლაპარაკებებისთვის, ამის პარალელურად, კომპანიაში სხვა რეგიონებიდან თანამშრომლების ჩამოყვანას გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ მორატორიუმისთვის დრო ითხოვა.
„ეს იყო უშედეგო შეხვედრა. კომპანიამ ითხოვა დრო მორატორიუმისთვის. ბუნებრივია, თანამშრომელთა მოთხოვნები ახალი არაა და მედიაციის პროცესში ეს მოთხოვნები გაჟღერებული იყო. რადგან კომპანია ერთ დღეს ითხოვს, მაშინ ეს ერთი დღე ყველაფერი უნდა გაჩერდეს. მათაც უნდა გააჩერონ ქარხანა, მაგრამ როგორც ვიცი, ისინი გეგმავენ ლულიდან და სხვა ადგილებიდან ხალხის ჩამოყვანას. გაფიცვა გრძელდება და ქარხნის გაფიცული თანამშრომლები არ აპირებენ უკან დახევას. ისინი ამბობენ, რომ არც კომპანიის სატვირთო მანქანებს მისცემენ გადაადგილების საშუალებას. გაფიცვა გრძელდება, ვიდრე ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი დიასამიძემ.