პროფესორი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით - „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა პროფესორი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დააჯილდოვა.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
„გერმანიის ელჩი, ბატონი ჰუბერტ ქნირში 2022 წლის 19 მაისს ამ ჯილდოს ბატონ ალექსანდრე კარტოზიას თბილისში გადასცემს. პროფესორმა კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა, მთარგმნელმა, პოლიტიკურად აქტიურმა და ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ მოვლენებში ჩართულმა პიროვნებამ, გადამწყვეტი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში და ეს დღესაც ასე გრძელდება. მას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ორივე ქვეყნის ლიტერატურულ წრეებს შორის დიალოგის შენარჩუნებასა და გამდიდრებაში. მისი გამორჩეული საქმიანობის წყალობით, მათ შორის საქართველოს განათლების მინისტრის რანგში, გერმანულ ენას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კვლავაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისმა კვლევითმა საქმიანობამ და ლექციებმა გერმანიაში, ქართული ენა, საქართველოს კულტურა და ისტორია უფრო ცნობადი გახადა. გერმანიისთვის პოლიტიკური მნიშვნელობის იყო ბატონი ალექსანდრეს, როგორც თარჯიმნის, როლი მაღალი რანგის პოლიტიკური შეხვედრებისას. 2011 წლიდან პროფესორი კარტოზია ხელმძღვანელობს მთარგმნელთა გერმანულ-ქართულ სახელოსნოს, 2017 წლიდან არის ჰუმბოლდტის სტიპენდიის ალუმნების კავშირის თავმჯდომარე და საერთაშორისო შეკრებების ორგანიზატორი“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.