პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან, ჯანდაცვის სამინისტრომ გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა. გამონაკლისების დაშვება უნდა მოხდეს სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არა კონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ძირითადი რეკომენდაციების თანახმად, შეკრების ან შეჯიბრების დაწყების წინ უნდა მოხდეს სრული შემადგენლობის ტესტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ). შეკრებაზე ან შეჯიბრზე უნდა მოხდეს მხოლოდ COVID-19-ზე პჯრ-ტესტირების უარყოფითი შედეგის მქონე პირების დაშვება. შეკრების ან შეჯიბრის დასრულებამდე უნდა გამოირიცხოს სპორტსმენების კონტაქტი გარეშე პირებთან. კომპეტენტური პირების მიერ უნდა მოხდეს სპორტული ბაზების შერჩევა ქვეყანაში არსებული პრაქტიკისა და დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. ამასთან, სამინისტროსა და შესაბამისი სპორტის სახეობის ფედერაციის მიერ უნდა განისაზღვროს შეკრებასა თუ შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენთა და მთელი პერსონალის შესაძლებელი მინიმალური რაოდენობები.
„უნდა აიკრძალოს შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში წინასწარ განსაზღვრული აუცილებელი ლოკაციების გარდა (სასტუმრო, სპორტული ბაზის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, მოედანი, დარბაზი, წინასწარ განსაზღვრული სხვა სავარჯიშო სივრცე, სასადილო/კვების ბლოკი) ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება; სპორტული კლუბებისა და ნაკრები გუნდების კვებისა და დასუფთავების სამუშაოების გატარების დროს დაცული უნდა იყოს ყველა ის ნორმა, რომელიც დადგენილია შესაბამისი უწყებების მიერ; შეკრების ან შეჯიბრის პერიოდში დადგენილ ლოკაციებზე უნდა დაწესდეს სპეციალური კონტროლის ზომები, რაც შეზღუდავს ნებისმიერი პირის ბაზაზე შესვლას ან ბაზიდან გასვლას, გარდა სასურსათო მომარაგებისა და დასუფთავების უზრუნველყოფაში ჩართული პირებისა; ბაზებზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნორმების დაცვის გარე და შიდა მონიტორინგი; სპორტულ გუნდებთან და სპორტულ ბაზებზე მომუშავე სამედიცინო პერსონალს უნდა გააჩნდეს ცოდნა ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების, დიაგნოსტიკის, გავრცელებისა და პრევენციის საკითხებზე“, – წერია დოკუმენტში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაკონტაქტური სახეობებისთვის შეჯიბრის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხერხდება არაკონტაქტური სახეობებისთვის დადგენილი სავარჯიშო პირობების დაცვა.
დოკუმენტის თანახმად, სპორტსმენებსა და პერსონალს ყოველდღიურად, შეჯიბრის ან ვარჯიშის დაწყების წინ უნდა უტარდებოდეს თერმოსკრინინგი. საერთო მოხმარების სივრცეებში დაცული უნდა იყოს არანაკლებ ორმეტრიანი დისტანცია.
„უნდა უზრუნველყოთ არსებული დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ არის უნდა გამოიყენოთ ხელოვნული ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის მიწოდებით, ცირკულაციითა და გარეთ გადინებით; უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე; ყოველი ვარჯიშის ბოლოს უნდა უზრუნველყოთ სავარჯიშო სივრცის სველი წესით დალაგება და დეზინფექცია; ყოველი დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ უნდა ჩატარდეს დახურული სივრცეების განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარებების პირობებში, „ორპირი ქარის“ პრინციპით; თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას უნდა განთავსოთ ხელის ჰიგიენის საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პროტოკოლში.
რაც შეეხება უშუალოდ არაკონტაქტური და კონტაქტური სპორტის სახეობებს, სპორტსმენებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
„სავარჯიშო პროცესი ღია სივრცეში უნდა განხორციელდეს ჩართულ პირთა ორმეტრიანი დისტანციის დაცვით; სავარჯიშო პროცესი დახურულ სივრცეში უნდა განხორციელდეს ორმეტრიანი დისტანციის დაცვით, ერთდროულად არაუმეტეს ხუთი პირისა; ვარჯიშზე სპორტსმენები და სხვა ჩართული პირები უნდა გამოცხადდნენ სავარჯიშო ფორმით; უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის, იქნება ეს სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ, სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება; დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი კიდეებით/ბარიერებით, ხოლო გასახდელებში არ არის თითოეული სპორტსმენისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური კარადები და ინდივიდუალურ სივრცეებს შორის არ არის უზრუნველყოფილი მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია; სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.); სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს სპორტული ინვენტარისა და სავარჯიშო სივრცის სრული დეზინფექცია, ხოლო ვარჯიშში ჩართულმა პირებმა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა; დახურულ და ღია სივრცეში ვარჯიშის პროცესში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხელების სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო დახურულ სივრცეში სპორტსმენის გარდა, რომელიც უშუალოდ ჩართულია ვარჯიშში ან თამაშში, სხვა პირებს უნდა ეკეთოთ პირბადე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.