პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სამხედრო გაწვევა ერთი წლით გადაუვადდებათ
პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებულ სტუდენტებს ერთჯერადად სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში, ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს და იქნება ერთჯერადი გადავადება.
„სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი და პრინციპი გახლავთ პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტუდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების გავრცელება-განვითარებას ქვეყანაში და ასევე არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის 12 ან 24-თვიანი და რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდიან 15 წლიდან. ასე რომ, ეს ვერ გახდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, ვინაიდან ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.