პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური პროგრამის დასრულებამდე გადაუვადდებათ.
სამინისტროს ცნობით, შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.
„ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე“, – აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, სამინისტროში განმარტავენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.
„როგორც ცნობილია, პროფესიული განათლების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შემცირებისთვის პროფესიულ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის პროფესიის დაუფლებისა და დასაქმების უმოკლეს გზას წარმოადგენს. წარმოდგენილი ინიციატივა კი პოზიტიურ გავლენას მოახდენს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რასაც პოსტპანდემიურ პროცესებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.