პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია ხვალ იწყება. პროცესი 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებული დოკუმენტი, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სრული სახელმწიფო დაფინანსებით და დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
გარდა ამისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად, ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით.
რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებ – გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge). სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით, რაც მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებასა და პროფესიის მოსინჯვას გულისხმობს.
ისევე როგორც წინა წელს, 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზეც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისთვის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 26 ნოემბერს დაიწყება.