პროფესიულ სასწავლებლებში ექვს ათასამდე ვაკანტური ადგილის დაკავებას თერთმეტ ათასამდე აბიტურიენტი შეეცდება
სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში არსებული 5 853 ვაკანტური ადგილის დაკავებას წელს 10 850 აბიტურიენტი შეეცდება. ამის შესახებ პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საშემოდგომო რეგისტრაციაზე, რომელიც 3-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, აბიტურიენტებს 300-მდე პროგრამაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა ქონდათ. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს და მათზე არსებულ კონკურსს, განათლების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სწავლის მსურველთა მაქსიმალური რაოდენობა მზარეულის სპეციალიზაციაზე დაფიქსირდა, სადაც 320 ადგილი იყო, განაცხადი კი 1 359-მა პირმა შეიტანა. შესაბამისად, ერთ ადგილზე 4,25 კანდიდატი მოდიოდა.
მზარეულის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებია:
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა: რეგისტრანტთა რაოდენობა 1 155, ადგილების რაოდენობა 367, კონკურსი 3.15; ვებინტერფეისის დეველოპერი: რეგისტრანტთა რაოდენობა 767, ადგილების რაოდენობა 102, კონკურსი 7.52; ელექტროობა: რეგისტრანტთა რაოდენობა 635, ადგილების რაოდენობა 339, კონკურსი 1.87; კულინარიის ხელოვნება: რეგისტრანტთა რაოდენობა 605, ადგილების რაოდენობა 108, კონკურსი 5.60; ბაგა – ბაღის აღმზრდელი – პედაგოგი: რეგისტრანტთა რაოდენობა 540, ადგილების რაოდენობა 169, კონკურსი 3.20; საოფისე საქმე: რეგისტრანტთა რაოდენობა 453, ადგილების რაოდენობა 135, კონკურსი 3.36; ბუღალტრული აღრიცხვა: რეგისტრანტთა რაოდენობა 398, ადგილების რაოდენობა 107, კონკურსი 3.72; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი: რეგისტრანტთა რაოდენობა 384, ადგილების რაოდენობა 164 კონკურსი 2.34; საბაჟო საქმე: რეგისტრანტთა რაოდენობა 365, ადგილების რაოდენობა 53, კონკურსი 6.89.
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდება, სწავლა კი ნოემბრის ბოლო რიცხვებში დაიწყება. საქართველოში ამ ეტაპზე 39 სახელმწიფო და 44 კერძო პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს.
კერძო დაწესებულებებში რეგისტრაციის პროცესი 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.