პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის ტესტირება 40 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის ტესტირება 40 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. პროგრამებისთვის ტესტირება დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო. პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე დააკვირდნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ პროგრამებზე ტესტირება საქართველოს მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მათივე ცნობით, 2019 წლის მიღებაზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: საინფორმაციო ტექნოლოგიები, კულინარია, ბუღალტრული აღრიცხვა და სხვ.
წელს მიღება 48 სახელმწიფო და კერძო უმაღლესს აქვს გამოცხადებული 300-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე.
პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ ორივე ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის (100 ქულა) 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. შეფასებას აპლიკანტი ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს ეკრანზე, ხოლო ინფორმაცია ჩარიცხვის შესახებ გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნოემბრის შუა რიცხვებში. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას პროფესიული სასწავლებლები თავად მიიღებენ.